თანამშრომლობის წამოწყება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიასთან
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიასა და ბრიტანულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ და ბრიტანული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ლევან გურგენიძემ.
თანამშრომლობის მიზანია მხარეებს შორის ისეთი ჩარჩოს ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს ერთობლივი საგანმანათლებლო, კვლევითი და ახალგაზრდული პროექტების განხორციელებას. მემორანდუმი ორიენტირებულია ხარისხიანი განათლების მხარდაჭერაზე, მოსწავლეთა აკადემიური და პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე, ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტებისა და კვლევების განვითარებაზე, ასევე მასწავლებელთა პროფესიული ზრდის წახალისებაზე.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გეგმავენ კოორდინირებულ თანამშრომლობას, რომელიც მიმართული იქნება ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნისკენ, სკოლებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და განათლების სფეროში პრაქტიკული ინიციატივების განხორციელებისკენ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ჰაბში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნინო ჭაბუკიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.
ბრიტანული უნივერსიტეტისთვის რეგიონებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან უნივერსიტეტი მიზნად ისახავს ხარისხიანი განათლების, ინოვაციური სწავლებისა და ახალგაზრდების პროფესიული განვითარების მხარდაჭერას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.
