პარტნიორობა ტუშას უნივერსიტეტთან (იტალია)
ბრიტანული უნივერსიტეტი სიამაყით აცხადებს ახალი საერთაშორისო თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებას იტალიის ერთ-ერთ ცნობილ სახელმწიფო კვლევით უნივერსიტეტთან — ტუშას უნივერსიტეტთან (UNITUS), ქალაქ ვიტერბოში.
Erasmus+ მექანიზმის ფარგლებში გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციური შეთანხმება ითვალისწინებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას, საერთო სასწავლო შესაძლებლობებს და აკადემიურ თანამშრომლობას რამდენიმე პრიორიტეტულ საგნობრივ მიმართულებაში:
სამართალი (ISCED 042)
სოციალური და ქცევითი მეცნიერებები (ISCED 031)
ენები (ISCED 023)
ეს შეთანხმება ბრიტანული უნივერსიტეტის სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას ჩაერთონ სხვადასხვა აკადემიურ ფორმატში იტალიაში — მათ შორის აკადემიური სემესტრის განმავლობაში სწავლის, მოკლევადიანი მობილობის ან შერეული (blended) მობილობის პროგრამებში.
ასევე, შესაძლებელი იქნება აკადემიური და ადმინისტრაციის თანამშრომლების გაცვლა, ლექციებისა და ორკშოფების ჩატარება და საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით.
შეთანხმება ძალაშია Erasmus+ პროგრამის 2024–2027 წლების ფარგლებში.
ბრიტანული უნივერსიტეტის სახელით შეთანხმებას ხელი მოაწერა რექტორმა დოქტორ მაია გურგენიძემ, ხოლო იტალიის მხარის სახელით — ტუშას უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სტეფანო უბერტინიმ.
საერთაშორისო ქსელის გაძლიერების ახალი ეტაპი
აღნიშნული პარტნიორობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ბრიტანული უნივერსიტეტის გლობალური აკადემიური ქსელის გაფართოების პროცესში და სტუდენტებისთვის ევროპის ერთ-ერთ მაღალი ხარისხის აკადემიურ გარემოსთან წვდომის შექმნაში.
მობილობის კონკრეტულ დეტალებზე — აპლიკაციების პირობები, ვადები და შერჩევის პროცესი — ინფორმაცია გამოქვეყნდება უნივერსიტეტის „საერთაშორისო პარტნიორობების“ და „საერთაშორისო სტუდენტების“ გვერდებზე.
