ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ზესტაფონის მუნიციპალიტეტთან
ბრიტანულმა უნივერსიტეტმა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიზანია განათლების, ახალგაზრდების განვითარების, მასწავლებელთა პროფესიული ზრდისა და საზოგადოებრივ სიკეთეზე ორიენტირებული ინიციატივების ხელშეწყობა.
მემორანდუმი ქმნის მხარეებს შორის აკადემიური და ორგანიზაციული თანამშრომლობის ჩარჩოს. მისი მთავარი მიზანია ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს ხარისხიანი განათლების განვითარებას, მოსწავლეთა აკადემიური და პროფესიული გზის მხარდაჭერას, ინოვაციური საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და სასკოლო გარემოში მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვას.
მემორანდუმის ფარგლებში, ბრიტანული უნივერსიტეტი და ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ითანამშრომლებენ რამდენიმე ძირითადი მიმართულებით, მათ შორის საკლასო და საგანმანათლებლო მხარდაჭერის, პროფესიული ორიენტაციის, სასკოლო სემინარების, აკადემიური პროგრამებისა და სამომავლო კარიერული გზების შესახებ პრეზენტაციების, ასევე ერთობლივი სასწავლო, სამეცნიერო, სამოქალაქო და საკონკურსო პროექტების მიმართულებით.
თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს მასწავლებელთა მხარდაჭერას ტრენინგების, სემინარების, კონფერენციების, აკადემიურ რესურსებზე წვდომისა და ინოვაციური პედაგოგიური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გაზიარების გზით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოსწავლეთა ჩართულობას საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. დაგეგმილია ღია კარის დღეები, უნივერსიტეტის სივრცეებთან გაცნობითი ვიზიტები, სამოტივაციო ვორკშოფები, საზაფხულო სკოლები და სხვა საგანმანათლებლო შესაძლებლობები. მემორანდუმი ასევე ხელს შეუწყობს მოსწავლეებში პრაქტიკული გამოცდილების, ლიდერული უნარებისა და სასკოლო თვითმმართველობის განვითარებას.
მემორანდუმის მნიშვნელოვანი კომპონენტია მდგრადი განვითარების მიზნებზე დაფუძნებული ერთობლივი პროექტების განხორციელება, მათ შორის გარემოს დაცვის, თანასწორობის, ინკლუზიური განათლების, ციფრული ინოვაციის, კლიმატის ცვლილებაზე რეაგირებისა და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.
ბრიტანული უნივერსიტეტი მიესალმება აღნიშნულ თანამშრომლობას, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის გაძლიერების, ახალგაზრდების მხარდაჭერისა და ადგილობრივ დონეზე განათლების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
